პროექტის შესახებ

ბიზნეს დაჯილდოება 2023

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეხუთე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს.

 

8 წლის მანძილზე დაჯილდოების პლატფორმამ 3500-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

 

2023 წელი განსაკუთრებული იქნება!

 

წლევანდელი ნომინაციებია:

1. საუკეთესო პროდუქტი
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4. გამორჩეული როლი რეგიონში
5. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება

 

წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის  პრიზია დაწესებული. თითოეულ გამარჯვებულს საშუალება ექნება საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე თავად შეარჩიოს სასურველი და კომპანიისათვის შესაფერისი ჯილდო:

 

  1. ახალი ვებ გვერდი
  2. ბრენდინგი
  3. საკომუნიკაციო მხარდაჭერა

 

რეგისტრაცია მალე დაიწყება!

#გააზიარეწარმატება

 

ხშირად დასმული კითხვები:

 

1. როდის იწყება და სრულდება ბიზნესდაჯილოდებაზე რეგისტრაცია?

ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია იწყება 2 ნოემბერს. დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებ - გვერდზე www.businessaward.ge.

 

2. ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, რა პრიზია დაწესებული?

 პროექტში გამარჯვებული მონაწილე თიბისი ბანკისაგან  მიიღებს სამი ჯილდოდან ერთ-ერთს, რომელსაც გამარჯვებული კომპანია თვითონ აირჩევს საკუთარი

ბიზნესაჭიროებიდან გამომდინარე:

  • ახალი ვებ გვერდი
  • ბრენდინგი
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

ჯილდოს სახით გასაწევი მომსახურების ზოგად ვადას წარმოადგენს 6 (ექვსი) თვე;

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულთა ნახევარზე მეტი აირჩევს ერთსა და იმავე ჯილდოს, ბანკი მათთან შემდგომი მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრავს ჯილდოს სახით შესასრულებელ სამუშაო ვადას.

  

3. შემიძლია თუ არა  რამდენიმე ნომინაციაში  მონაწილეობის მიღება?

კომპანიებს მხოლოდ ერთ ნომინაციაში დარეგისტრირება შეუძლიათ, რაც მონაწილეებს ეხმარება ზუსტად განსაზღვრონ მათთვის ყველაზე შესაფერისი ნომინაცია.

წესები და პირობები

  • დაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები) რეგისტრირებულ ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია), კოოპერატივი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი) რომელსაც მინიჭებული აქვს საგადასახადო კოდი.
  • ფიზიკურ პირებს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაერთიანებული არიან სამეწარმეო ამხანაგობაში ან მინიჭებული აქვთ მიკრომეწარმის, მცირე მეწარმის, მეწარმე ფიზიკური პირის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
  • საწარმოს მინიმალური წლიური ბრუნვა უნდა იყოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის. აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას “საუკეთესო სტარტაპისთვის“
  • საწარმოს მოწილე არ უნდა იყოს სახელმწიფო, გარდა ნომინაციისა ,,საუკეთესო სტარტაპისთვის“;
  • საწარმოს 50% ან მეტ წილს უნდა ფლობდეს/ფლობდნენ საქართველოს მოქალაქე/ მოქალაქეები;
  • საწარმოს წლიური ბრუნვა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს; 
  • პროექტის მონაწილე ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი, დაიცვას ბიზნესს ეთიკის ნორმები;
  • მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პირველადი აპლიკაციის შევსება შემდეგ ვებ.მისამართზე: www.businessaward.ge
  • იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს მონაწილეობისათვის დათქმულ/განსაზღვრულ პირობებს, ჟიური არ განიხილავს მის მიერ შევსებულ აპლიკაციას/განაცხადს.
  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება შეზღუდულია იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ეწევიან შემდეგ საქმიანობას:

  • სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • საბანკო-საფინანსო საქმიანობას (მათ შორის: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სავალუტო ოპერაციების განმახორციელებლები) და ნებისმიერი სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფულადი ოპერაციებით სარგებლის მიღებასთან. აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
  • საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია იურიდიულ, ფინანსურ და აუდიტორულ ან სანოტარო მომსახურებასთან; აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას "საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება"
  • სათამაშო (აზარტული) ბიზნესს (მათ შორის სამორინეები, სათამაშო აპარატები, ტოტალიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესს, რომელიც იღებს ფინანსურ სარგებელს აზარტული თამაშების რეალიზაციით. აკრძალვა არ მოიცავს კომპიუტერული და მობილური თამაშების მწარმოებლებს, საბავშვო-ახალგაზრდულ გასართობ კომპლექსებს.
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოებას და რეალიზაციას (მათ შორის სიგარეტები, ელექტრონული სიგარეტები. აკრძალვა არ ვრცელდება ნატურალური თამბაქოსგან სიგარების წარმოებას;
  • იარაღით ვაჭრობას;

ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეთა შეფასებას ახდენს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც აქცევს ყურადღებას თუ რამდენად მზარდია თქვენი ბიზნესი, რამდენად შთამაგონებელია თქვენი ამბავი სხვებისთვის და რამდენად არის თქვენი საქმიანობა საზოგადოებისთვის სასარგებლო - ახდენს დადებით გავლენას, ცვლის მომხმარებლის ქცევას, ქმნის მატერიალურ და არამატერიალურ ღირებულებას სხვა ბიზნესებისთვის,

 

ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეთა შეფასებისას, ყურადღება მიექცევა თითოეულ ნომინაციაში შემდეგ ფაქტორებს:

 

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისათვის“:

  • პროდუქტის/მომსახურების აქტუალურობა - 2023 წლის განმავლობაში რამდენად აქტუალური და რელევანტური იყო პროდუქტი მომხმარებლისთვის.
  • ღირებულების შექმნა (Value Proposition) - რამდენად უნიკალურ, გამორჩეულ ღირებულებას ქმნის პროდუქტი მომხმარებლისათვის.
  • ზრდის პოტენციალი, კომერციალიზაციის შანსი, სწრაფად გაზრდილი შემოსავალი, საინტერესო ინდუსტრია (სექტორი)
  • ცნობადობა - როგორ იცნობს მომხმარებელი პროდუქტს? რამდენად პოპულარულია იგი ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე? არის თუ არა ის გამორჩეული და თვალშისაცემი იმავე კატეგორიის სხვა პროდუქტებს შორის?
  • სანდოობა/ხარისხი - სასარგებლო პროდუქცია, სანდოობის დონე მომხმარებლების მხრიდან, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება, სერტიფიკატები, ხარისხზე ორიენტირი.

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“:

  • კომპანიის საქმიანობის დადებითი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე
  • აქტივობების განგრძობითობა და მასშტაბირების პოტენციალი - აქტივობას ერთჯერადი სახე აქვს თუ არის განმეორებადი, განგრძობითი ხასიათის, რამდენადაა შესაძლებელი აქტივობების მასშტაბირება?
  • აქტივობების სტრატეგიული თანხვედრა კომპანიის საქმიანობასთან - არის თუ არა სოციალური პასუხსიმგებლობის აქტივობები თანხვედრაში კომპანიის მისიასთან და გრძელვადიან სტრატეგიასთან?
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - ზრუნავს თუ არა კომპანია საკუთარი აქტივობების ფარგლებში შესაბამისი პრობლემების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე?

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“:

  • პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას / ინოვაციურია
  • ბაზრის მოცულობა
  • ბიზნეს მოდელი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე

 

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“:

  • კომპანიამ რეგიონში შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისებზე
  • კომპანიას აქვს დადებითი გავლება ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე (ქმნის კონკურენტულ გარემოს, აჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს)
  • კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში (აჩენს ღირსებულ სამუშაო ადგილებს, არის სანდრო დამსაქმებელი)
  • კომპანია ახდენს დადებით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე
  • კომპანიას არის მზარდი

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “გამორჩეული გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“:

  • რამდენად გამორჩეულია მიდგომები
  • მომხმარებლების შეფასება
  • ერთგვაროვანი / კონსისტენტური მომსახურება
  • პერსონიფიცირებული მომსახურება
  • ჟიურის წევრები არიან დარგის ექსპერტები და პროფესიონალები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან.
  • თითოეული ჟიურის წევრი დამოუკიდებლად აფასებს წარმოდგენილ პროექტს და ანიჭებს შესაბამის ქულებს;
  • ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდება ისეთი მონაწილის დისკვალიფიკაცია, რომელიც აპლიკაციის შევსებისას წარადგენს არასწორ მონაცემებს ან შეეცდება ჟიურის შეცდომაში შეყვანას, ასევე ჟიურის შეხედულებისამებრ  არაკეთილსინდისიერი გზით შეეცდება მოიპოვოს მომხმარებელთა მხარდაჭერა, ადგილი ექნება მონაცემთა გაყალბებას, ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ ბიზნეს ეთიკის ნორმებს;
  • შემოტანილი აპლიკაციებიდან პირველ ეტაპზე ჟიური გამოავლენს ფინალისტებს თითოეულ ნომინაციაში, რომლებიდანაც საბოლოოდ შეირჩევა 1 გამარჯვებული თითო ნომინაციაში. პროექტის ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 5 გამარჯვებული;
  • ჟიურის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
  • თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში შექნილ ნებისმიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე საავტორო უფლებას ფლობს სს ,,თიბისი ბანკი“
  • ბიზნეს დაჯილდოების პროექტის მონაწილე სს ,,თიბისი ბანკ“-ს  ანიჭებს უფლებამოსილებას მოახდინოს ინდივიდუალური მონაწილის ფოტო-ვიდეო გადაღება, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საშუალებებით (ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, ვებ.გვერდი, ლიფლეტი, ბუკლეტი და ა.შ);
  • აპლიკანტი სს "თიბისი ბანკ"-ს ანიჭებს უფლებამოსილებას მის მიერ აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია გადასცეს ბანკის კონტრაქტორებსა და მომსახურების გამწევ სხვადასხვა პირებს ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების, ბლოგებისა და სტატიების მომზადების უზრუნველყოფის მიზნით.
  • აპლიკანტი სს ,,თიბისი ბანკ“-ს  ანიჭებს უფლებამოსილებას მის მიერ აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია მიაწოდოს ჟიურის წევრებს შესაფასებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად;
  • ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები მეკუთვნის მხოლოდ მე, არის ნამდვილი, ზუსტი და სრული. ვიღებ პასუხისმგებლობას აღნიშნული მონაცმების სანდოობაზე და იმ შესაძლო ზიანზე, რაც შეიძლება დადგეს ჩემს მიერ წარდგენილი მონაცემების სანდოობიდან ან/და სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე.
  • თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს მიერ გადმოცემული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყევა. ამისათვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

პროექტში გამარჯვებული მონაწილე სს ,,თიბისი ბანკი“-საგან  მიიღებს სამი ჯილდოდან ერთერთს, რომელიც ექვემდებარება არჩევას გამარჯვებული კომპანიის ბიზნესაჭიროებიდან გამომდინარე:

  • ახალი ვებ გვერდი
  • ბრენდინგი

  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

ჯილდოს სახით გასაწევი მომსახურების ზოგად ვადას წარმოადგენს 6 (ექვსი) თვე;

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულთა ნახევარზე მეტი აირჩევს ერთსა და იმავე ჯილდოს, ბანკი მათთან შემდომი მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრავს ჯილდოს სახით შესასრულებელი სამუშაო ვადას.

  • პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია წერილობით უნდა წარედგინოს ჟიურის;
  • პრეტენზიის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ჟიური ვალდებულია წერილობითი პასუხი გასცეს პრეტენზიის წარმომდგენს;
  • ჟიურის პასუხი საბოლოა და არ ექვემდებარება დამატებითი პრეტენზიის წარდგენას;

საკონტაქტო ინფორმაცია

[email protected]

2 27 27 27

Facebook Page

პროექტის მიმდინარეობა

ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება