პირველად იყო იდეა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის დაგვენახებინა, რომ სწავლა, სინამდვილეში, ასწორებს. შემდეგ გაჩნდნენ თანამზრახველები: “ლივინგსტონის” იატაკქვეშეთში შეიქმნა პირველი სილაბუსი, ჩაიწერა ასობით ვიდეოგაკვეთილი და დაიწერა ათას ერთი სტრიქონი კოდი. ჩვენი რწმენაა, რომ დღეს ნამდვილი როკსტარი ისაა, ვისაც სწავლა უყვარს. სახელიც ასე შევარჩიეთ - ნებულა კოსმოსური ობიექტია, რომელიც ქმნის ვარსკვლავებს.
2016 წლის აპრილში გამოვედით დღის სინათლეზე. დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა კერძო სექტორთან, უფასოდ მოვამზადეთ ასეულობით სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი აბიტურიენტი, შევადგინეთ ზოგადი უნარების სრული კურსი. ამავე წლის აგვისტოში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მოსწავლეების ზუსტად 100%-ს მოეწონა ჩვენი ნამოღვაწარი. 2017 წელს დავამატეთ ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი, გამოვუშვით წიგნები, ჩავატარეთ “სუპერნოვა” - უფასო ლექციებისა და წერების გიგანტური სერია მოტივირებული აბიტურიენტებისთვის. გვიხარია, რომ ჩვენი კომპანიის ინბოქსში ყველაზე ხშირად შემოსული სიმბოლოები გახლავთ “<3” და “?”.